წარმატების ისტორიები
ჯიგრები - კედლის მოხატვის ხელოვნება
21 აგვისტო 2020
visibility 1336

ამბობენ კედლებს ყურებიც აქვთო, „ჯიგრები“ კი ამტკიცებენ, რომ არამარტო ყურები, ხასიათიც მისი შემადგენელი ნაწილია. 1 წლის წინ დაფუძნებული სტარტაპი კედლების მოხატვით ცდილობს ქალაქს ახალი სული შთაბეროს.

 

თავდაპირველად კომპანიაში დაახლოებით 21 თანაშრომელი მუშაობდა და მათი უმეტესობა მხატვარი იყო. დროთა განმავლობაში მისი დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ რესტრუქტურიზაცია და რესურსების გადანაწილება აუცილებელი იყო, რათა თანაშრომლები გაცილებით ბედნიერები და კმაყოფილები ყოფილიყვნენ. ცვლილებებს შედეგებიც მოჰყვა, გუნდი აქ და ახლა უფრო კომპაქტური და რაც მთავარია კმაყოფილია.

 

მისი თანადამფუძნებელი, ნიკა ბაძაღუაც გვიამბობს, რომ შრომის და დავალებების სწორმა გადანაწილებამ გუნდში პოზიტივი შემოიტანა და ახლა საქმიანობას სულ სხვა ენთუზიაზმით უდგებიან. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ „ჯიგრების“ გუნდი აქტიურად ანახლებს მუშაობას და ინტერვიუს დროს სურვილსაც გამოთქვამენ, ნებისმიერ მასშტაბურ პროექტში ჩაერთონ, თუნდაც სრულიად უფასოდ, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის ფასეულია. “ჯიგრების“ იდეა მარტივი, უშუალო და დადებითი ემოციური კონტაქტის გარშემოა აგებული, ამიტომ კომპანია ცდილობს ეს შეტყობინება მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით შესთავაზოს და ერთ-ერთი მათგანი სახლის კარების მოხატვაა, რომელიც სტარტს უახლოეს პერიოდში აიღებს.