წარმატების ისტორიები
ბუტრანა - სტარტაპი, რომელმაც ღვინო და ყველი ყურძნის გარშემო გააერთიანა
ავტორი: On.ge
19 მაისი 2021
visibility 3353

ბუტრანა კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკრო-ზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ღვინო კი – ხასიათით. სულ რამდენიმე წლის წინ ბუტრანას შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა –  კახეთს გარეთ მცხოვრებთათვის ეს სახასიათო სიტყვა და გამორჩეული ადგილი ან სრულიად უცნობი, ან კიდევ მივიწყებული იყო –  მის ხსენებას და მასზე ინფორმაციას ძველ წიგნებში თუ წააწყდებოდით. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა საკუთარი ბიზნესისა და წარმოების ბუტრანასთან დაკავშირება:

“ჩვენი ოჯახი 10 ჰექტარ მიწას ფლობს ტიბაანთან, სწორედ მათ –  პირველ რიგში კი პაპამ – ჩამინერგეს ადრეული ბავშვობიდან ამ საქმის სიყვარული”.

ჯემალ ხატიაშვილი ჯერ კიდევ 14 წლისა იყო, როცა პირველად დააყენა ღვინო და  ბოთლებში ჩამოასხა. მას მერე, უკვე თითქმის 10 წელია, ამ საქმეშია და მის განვითარებაზე ზრუნავს.

“ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, ყველს და სუფრის ყურძენს. ჩვენი პროდუქცია დაკავშირებულია ბუტრანაში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოსთან – მაგალითად, ჩვენს მიერ წარმოებული ყველი ჩვენივე საფერავშია დავარგებული”.

საქართველოში ნატურალური რძე მუდამ დეფიციტური იყო, მაგრამ “ბუტრანას” აქვს ამბიცია, რომ მის მიერ წარმოებული ყველი მხოლოდ ნატურალურ რძეზე იყოს დამზადებული. სწორედ ამის გამო გადაწყდა მერძეული ფერმის აშენება. ძროხების ექსპორტს ესტონეთიდან აპირებენ – მათი გამორჩეული გენეტიკისა და იშვიათი პროდუქტიულობის გამო. მანამდე კი, საკუთარ პატარა ფერმაში წარმოებული და სხვა ადგილობრივი ფერმერებისაგან შეძენილი რძით, “ბუტრანა” ოცამდე სახეობის ყველს სთავაზობს მომხმარებელს – საფერავში, თათარაში, აჯიკაში, თაფლში,  პიტნაში, კენკრაში თუ სხვა მეთოდებით დავარგებულს. ფერმის გაფართოება და ევროპულ სტანდარტზე სრული გადასვლა, ცხადია, წარმოების მასშტაბსაც გაზრდის და ახალი ჩანაფიქრების თამამად განხორციელების საწინდარიც იქნება. ევროპული ყველეულიდან “ბუტრანა” უკვე აწარმოებს მოცარელას, ახლო მომავალში კი კამემბერისა და ლურჯი ყველის დამატებაც იგეგმება.

“ახალი ფერმა წარმოების მასშტაბის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება. თავდაპირველად “ბუტრანაში” 5 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 20-მდე თანამშრომელი გვყავს, ფერმის ამუშავების შემდეგ კი მინიმუმ 7 ახალი თანამშრომელი დაგვემატება”.

“ბუტრანა” საგანგებოდ ზრუნავს იმაზე, რომ საწარმოში დასაქმებულმა თანამშრომლებმა ევროპაში გაიარონ ფერმის მენეჯმენტისა და საკვების უვნებლობის ინტენსიური ტრენინგები. თანამშრომლების ნაწილი საწარმოში ადრეც მუშაობდა, მაგრამ “ბუტრანამ” ახალგაზრდების მოზიდვა დაიწყო, რომლებსაც საგანგებო კურსები გაატარა ესტონეთში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.

ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახების ყურძნისაგან “ბუტრანა” ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს – საფერავსა და ქვევრის რქაწითელს.

“ჯერჯერობით მხოლოდ 5000 ბოთლს ვასხამთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გადის, მაგრამ გვაქვს შატოს აშენების გეგმა და გვინდა წლიური წარმოება 100 000 ბოთლამდე გავზარდოთ. ცხადია, ღვინის ექსპორტიც გეგმაშია. ვაპირებთ, ღვინო ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ”.


“ბუტრანას” ვენახებში 50-მდე ჯიშის ყურძენია. საღვინე ჯიშებიდან ღვინო იწარმოება, დანარჩენი კი ხილად  იყიდება – აქაური ვენახების დაფასოებული და ეტიკეტირებული ყურძნით “აგროჰაბი” მარაგდება. ეს ყურძენი სამაცივრე მეურნეობაში ინახება, რომელიც საქართველოში სიახლეს წარმოადგენს. ყურძნის ევროკავშირის ბაზარზე გატანაც გეგმაშია.

“ბუტრანა” ევროპული სტანდარტისა და ნოვაციების დამკვიდრებისთვის ზრუნავს, რაც შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა.

“უკვე 7 წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ და უკმაყოფილების მიზეზი დღემდე არ გვქონია. პირველი სესხი, რომელიც სწორედ სამაცივრე მეურნეობის გასამართად ავიღეთ, იაფი აგროკრედიტი იყო, ახლა კი უკვე ევროპული სტანდარტის ფერმის ასაშენებელი კრედიტი გვაქვს. ფერმის ბიუჯეტი 700 000 ლარამდეა. რთული პერიოდის მიუხედავად, გეგმაში კიდევ ბევრი სიახლეა და მათ შესახებ მეტ-ნაკლები სითამამით ლაპარაკის საშუალებას სწორედ ამგვარი მხარდაჭერა იძლევა”.