ბიზნეს სიახლეები
ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ზუსტი სოფლის მეურნეობა
აგრო სოლუშენსი
05 მაისი 2022
visibility 4033



სასოფლო-სამეურნეო რობოტიკა, ტექნოლოგიები და სენსორები თანამედროვე სოფლის მეურნეობის განუყოფელი ნაწილი ხდება.

21-ე საუკუნეში ტრადიციული ,,აგრო ჩვევები” წარმატებით ჩაანაცვლა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რაც იძლევა საშუალებას კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ფერმერებმა მოიყვანონ ხარისხიანი მოსავალი და აწარმოონ უხვმოსავლიანი კულტურები და ეს ყველაფერი მოახერხონ ნაკლები დანახარჯით, როგორც პრეპარატებზე, ასევე სხვადასხვა აგრო ოპერაციებზე. რაც მთავარია ახალი გადაწყვეტები იძლევა საშუალებას ვაწარმოოთ პროდუქცია წყლის საგრძნობი ეკონომიით. ზუსტად ამ მიდგომას დაერქვა “ზუსტი სოფლის მეურნეობა” და ეს კონცეფცია დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება.

და მაინც, რას ნიშნავს ზუსტი სოფლის მეურნეობა?

ამ სტატიაში, ჩვენ ვეცდებით მოგიყვეთ თუ რისი დახმარებით მიიღწევა ზუსტი სოფლის მეურნეობა და შესაბამისად უკეთესი და უფრო ეფექტური მწარმოებლურობა.

ზუსტი სოფლის მეურნეობა ეფუძნება აზრს, რომ თითოეული მიწის ნაკვეთი უნიკალურია და რომ, უმეტეს შემთხევაში ეს მიწის ნაკვეთი არ არის ერთგვაროვანი. შესაბამისად, ნაკვეთის სხვადასხვა ადგილზე, მცენარეს შეიძლება სჭირდებოდეს სხვადასხვანაირი მიდგომა/მართვა. მაგალითად, pH (მჟავიანობა) EC (მარილიანობა) და სხვადასხვა ქიმიური ელემენტები (ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, აზოტი და ა.შ) შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა სექტორში. შესაბამისად, მცენარეების სექტორებსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.



რა რეალობაა ტრადიციულ ბაღში, სადაც ტექნოლოგიები არ გამოიყენება? ფერმერს ერთი და იგივე დოზით შეაქვს სხვადასხვა პრეპარატი მთელს ფართობში, ერთი და იგივე მოცულობის წყალს აწვდის, ერთნაირად ახორციელებს ყველა ოპერაციას. ამის შედეგად ვიღებთ ორ ნეგატიურ ფაქტს:

ა) ხდება რესურსების არარაციონალური გამოყენება;

ბ) მცენარე გარკვეულ სექტორებში იღებს ჭარბ პრეპარატს, ჭარბ წყალს და ა.შ. ხოლო ფართობის სხვა ნაწილში  ეს ყველაფერი დეფიციტურია. ასეთი მიდგომა აუცილებლად უარყოფითად აისახება პროდუქტის ხარისხზე.

 ბაღში პროცესების სიზუსტით მართვა მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი. ახალი მიდგომები საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის ბიზნესებს იყვნენ უფრო მომგებიანი, ეფექტური, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, მარტივი და ამასთან ერთად შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება. 

 სასოფლო-სამეურნეო რობოტიკაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო  სისტემა) პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერთ-ერთი სასარგებლო ინსტრუმენტია აგრო ინდუსტრიაში. GIS სისტემა ქმნის მონაცემთა ვიზუალურ წარმოდგენებს და ახორციელებს სივრცით ანალიზს - GPS სისტემით აღჭურვილი დრონები, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის აკუმულირება დღეში 24 საათის განმავლობაში მთლიანი მეურნეობის მასშტაბით. ჭკვიანი დრონები აფიქსირებს ნაკვეთზე სარეველებს, შედეგად ჰერბიციდით დამუშავება, სწორედ დასარევლიანებულ მონაკვეთებზე ხდება და არა მთლიან ფართობზე. მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდებით, მთლიანი ნაკვეთის შეწამვლა ხდება, რაც იწვევს ზედოზირებას, არ ხდება კულტურის და სარეველას გამიჯვნა. ამ პირობებში იზრდება დანახარჯები და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.  

წარმოიდგინეთ კომერციული ბაღი, სადაც ჰექტრობითაა გაშენებული კულტურები - რა რთულია მუდმივად აკონტროლო მცენარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა. თანამედროვე ტექნოლოგიები პროცესებს დისტანციურად მართავენ. ჭკვიანი დრონები ინფრაწითელი სენსორების საშუალებით ზომავენ მცენარისა და ნაყოფის მდგომარეობას და ფერმერი ლოკალურად აგვარებს პრობლემას ნაკვეთზე. ეს შემთხვევაც რესურსების დაზოგვის ნათელი მაგალითია და ნაკლებად დაბინძურებული მოსავლის მოყვანის შესაძლებლობაზე მიუთითებს. 

რობოტული ტექნოლოგიები იძლევა ბუნებრივი რესურსების საიმედო მონიტორინგისა და მართვის შესაძლებლობას. სოფლის მეურნეობაში პრაქტიკულად ამინდზეა დამოკიდებული წარმოება. მისი ზუსტი პროგნოზირება სწორი გეგმის და მოლოდინების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესში. თანამედროვე ამინდის სადგურები სენსორებით საზღვრავს ტენიანობას და ტემპერატურას, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს, ნალექების რაოდენობას, მზის რადიაციას და სხვა. მცენარის მდგომარეობის მართვა ამ ინფორმაციის ფონზე გაცილებით ეფექტურია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, სადაც მაგალითად მთვარის პოზიციონირება შეიძლება განსაზღვრავდეს კულტურის თესვის ვადებს.



საირიგაციო სისტემები საუკეთესო გადაწყვეტაა უწყლო მიწებზე პროდუქციის საწარმოებლად.  წვეთოვანი სარწყავი სისტემები ყველაზე ოპტიმალურად იყენებს წყლის რესურსებს - საჭირო დროს, საჭირო სიხშირითა და რაოდენობით.

ტრადიციულ მეურნეობებში მცენარეების დარგვა, მოსავლის აღება დაკავშირებული იყო ფიზიკური ძალის გამოყენებასთან. ეს განმეორებადი საქმიანობა აგრო მანქანებით ხორციელდება, თვითმრგველი ტექნიკა GPS სისტემებით განსაზღვრავენ დარგვის ტრაექტორიას, ნერგებს/თესლებს შორის დისტანციას, შესაბამისად ფერმერს შეუძლია სიზუსტით გამოთვალოს საჭირო ნერგისა თუ თესლის რაოდენობა თავისი ნაკვეთის შესაბამისად.  

ეს ტექნოლოგიები და არამხოლოდ, არის ზუსტ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიები და კარგი საშუალება, რომ ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ადგილებში ფერმერებმა აწარმოონ აგრო პროდუქტები.

მცენარის ფიტოსანიტარული კონტროლი და ნიადაგის მდგომარეობის განსაზღვრა, ტემპერატურის და ტენიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთი მოქნილი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა, ტექნოლოგიების ჩართულობით.  მათი გამოყენების მთავარი იდეა ის არის, რომ ფერმერებს აქვთ საშუალება გაიგონ ბაღში არსებული ვითარება და ამის მიხედვით დაგეგმონ აგროტექნიკური ღონისძიებები საჭიროების მიხედვით (მთლიან ფართობზე ან ლოკალურად). და ეს პროცესი უფრო სწრაფი და ზუსტია, ვიდრე მაშინ, როცა ველზე კულტურის ვიზუალურ დათვალიერებას ფერმერი ან აგრონომი ახორციელებს.

ზუსტ სოფლის მეურნეობაში მექანიზებული და კომპიუტერიზებულია წარმოების ყველა ეტაპი, კულტურის დარგვა/დათესვიდან მოსავლის აღებამდე.  საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიების გამოყენების მიზანი უკეთესი მოსავლის მიღების შესაძლებლობაა, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების გზით. სოფლის მეურნეობა ევოლუციას განიცდის და ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური დანერგვა  შეუქცევადი პროცესია. ტრადიციული მეურნეობები ვერ იქნება კომერციულად გამართლებული ტექნოლოგიების გარეშე. მნიშვნელოვანია გავიაზროთ ტექნოლოგიების სიკეთეები აგრარულ ინდუსტრიაში, გავაცნობიეროთ მისგან მიღებული სარგებელი და ვცადოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და წარმოებაზე გადაწყობა. ეს ახალი მიდგომები საგრძნობლად ზრდის სასოფლო-სამეურნეო სექტორის წარმადობას, იწვევს რესურსების დაზოგვას და მზარდი მსოფლიო მოსახლეობის საკვებით დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.